ნანა კაკაბაძე: ქვეყანაში 10000-მდე პატიმარია და მათ ნაწილს სჭირდება ომბუდსმენის ჩართულობა, თუმცა ნინო ლომჯარია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს

ნანა კაკაბაძე: ქვეყანაში 10000-მდე პატიმარია და მათ ნაწილს სჭირდება ომბუდსმენის ჩართულობა, თუმცა ნინო ლომჯარია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველი მხოლოდ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს, როდესაც ქვეყანაში სხვა უამრავი პატიმარია.

ამასთანავე, კაკაბაძის განცხადებით, სააკაშვილს არ აქვს უფლება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

„ათი ათასამდე პატიმარია და მათი ორი მესამედი საჭიროებს ომბუდსმენის ჩართულობას, თუმცა ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს და შორსაა ნეიტრალურობისგან. მოგვიწევს შეგუება, რადგან ჯერ ვადა აქვს ომბუდსმენად ყოფნის. იმედია, ხელისუფლება აღარ დაუშვებს ომბუდსმენის კანდიდატის წარდგენისას ასეთ შეცდომას. რაც შეეხება მეუფე ნიკოლოზის განცხადებას სააკაშვილის შინაპატიმრობაზე, ეს იურიდიულ ნორმასთან შეუსაბამოა და ასევე შეუთავსებელია მორალურ კატეგორიასთან. მან უკეთ იცის, რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საპატიმროებში და არ ჰქონია ასეთი გულშემატკივრობა და დაინტერესება რეჟიმის მსხვერპლებთან. როგორც ექიმები და მისი გარემოცვა ამბობენ, სააკაშვილს აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები. მას წარმოაჩენენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, პარტიის მთავარ ფიგურას. მუდმივადაა დესტრუქციული მოწოდებები მედიაში, რომელიც მცირე ჯგუფის ყურადღებას იპყრობს, არაა გამორიცხული სახელმწიფოსთვის არასასურველი პროცესები განავითაროს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს უფლება ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში. მის მიმართ კანონიც არ მუშაობს საკმარისად და ჩვენი კანონმდებლობა მკაცრად განმარტავს, რომ არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩართულობის უფლება პოლიტიკაში“, – განაცხადა კაკაბაძემ.