თამარ გაბუნია: 1200-მდე „ომიკრონით“ ინფიცირებულიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14-ს დასჭირდა

თამარ გაბუნია: 1200-მდე „ომიკრონით“ ინფიცირებულიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14-ს დასჭირდა

დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებულია დაახლოებით 8000 ჰოსპიტალური საწოლი, აქედან მხოლოდ ნახევარია დატვირთული. როდესაც ჩვენ შევისწავლეთ „ომიკრონით“ ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები, დაახლოებით 1200-დან მხოლოდ 14-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ პირი ვაქცინირებულია, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ნაკლები იქნება.

„ჯერჯერობით უფრო „დელტათი“ გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციასთან გვაქვს საქმე, რადგან ეს შტამი კვლავაც ცირკულირებს ქვეყანაში. ამ პერიოდში მეტი მზაობა დაგვჭირდება უფრო პირველადი ჯანდაცვის ნაწილში. ამისთვის ემზადებიან ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები. თუ დღეს პროგრამაში ჩართულია 60 „ონლაინ კლინიკა“, კვირის ბოლომდე 100-მდე გაიზრდება მათი რაოდენობა. ასევე გაიზრდება ოჯახის ექიმების რაოდენობაც, რათა პირველი ტრიაჟი - შეფასება და პაციენტისთვის რჩევის მიცემა მოხდეს შეუფერხებელ რეჟიმში. მზაობა არის საკმაოდ მაღალი, მიმდინარეობს ტრენინგები, ექიმებს აქვთ შესაბამისი მედიკამენტები, მათ შორის მძიმე შემთხვევების მართვისთვის საჭირო პრეპარატები. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პრობლემა არ უნდა შეიქმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.