„ლელო" ძალიან არაკომუნიკაბელური პარტიაა, რომელიც საკუთარ კოლეგებს ვერ აგებინებს, თუ რა უნდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
როგორც ხვიჩიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, ისეთი ინიციატივის განხორციელებისთვის, როგორიცაა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და მინისტრის დაბარება, საჭიროა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის წინასწარი კონსულტაცია და "არა ჯერ აზრის ჟურნალისტებთან დაფრქვევა და შემდეგ პარლამენტისგან მხარდაჭერის მოთხოვნა".
“რიგგარეშე სხდომა ვისაც უნდა და ვინც უნდა, ის მოიწვიო, ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნები. უბრალოდ, თუ საქმის კეთება გვინდა, ეს ასე არ ხდება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მსგავსი ინიციატივების ბრიფინგების დონეზე დაყენება არ ხდება. საპარლამენტო საქმიანობა იმას ნიშნავს, რომ ვიღაც მოდის, მარწმუნებს რომ ასეა საჭირო და შემდეგ თანხმობა მიაქვს. თუ ვინმე დაგასწრებს ჟურნალისტებთან მისვლას, აზრის დაფრქვევას და შემდეგ მთელი პარლამენტის მხარდაჭერას ითხოვს, ადამიანთა საზოგადოება ასე არ ფუნქციონირებს. ჩვენ ასე არ ვიქცევით არც ქუჩაში, არც ოჯახში და მითუმეტეს, არც პარლამენტში. “ლელოს” ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე ჩემი სოლიდარობის მიუხედავად, მათი მუშაობის სტილი არ მესმის. მგონია, რომ მათ შეთანხმებების მიღწევა არ უნდათ, რაც გასაკვირია იმ ხალხისგან, ვინც მთელი ცხოვრება შეთანხმებებზე, კონტრაქტებზე და სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე დამყრებულ ბიზნესს განკარგავდნენ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.