ბიძინა კულუმბეგოვი: დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს

ბიძინა კულუმბეგოვი: დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს

რა საფრთხეებს ქმნის ომიკრონი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, მიუხედავად დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, ის მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის განმარტებით, დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს.

სამედიცინო წრეებში ეპიდვითარება რთულად ფასდება და მოლოდინიც საკმაოდ მძიმეა, როგორც ამას მთელი მსოფლიოს მაგალითი აჩვენებს. წინასწარი პროგნოზით კი, იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში შემთხვევების მაღალი ზრდა იქნება. სპეციალისტები საზოგადოებას ურჩევენ დაიცვან სტანდარტული უსაფრთხოების წესები.

„როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა იანვრის ბოლოსკენ, თებერვლის პირველ ნახევარში, ყველა პროგნოზირებადი კვლევა აჩვენებს, რომ შემთხვევების მატება იქნება, მაგრამ ეს იქნება 10 000 თუ მეტი, ამის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია, უბრალოდ ჩვენ მივყვებით ლოგიკას და იმ პროგნოზირებულ მაჩვენებლებს, რომელსაც მსოფლიოს ესა თუ ის ინსტიტუცია აქვეყნებს. ამიტომ ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს - ეს არის ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი რგოლის მზაობა და მოსახლეობისადმი თხოვნა - ვაქცინა, ბუსტერული დოზის დამატება და პირბადის ტარება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.