დევნილებთან დაკავშირებით პრობლემების ეს მასშტაბი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული იყო

დევნილებთან დაკავშირებით პრობლემების ეს მასშტაბი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული იყო

დევნილებთან დაკავშირებით პრობლემების ეს მასშტაბი, რაც ქვეყანას აქვს, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ამ საკითხებს არათუ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა, არამედ მთლიანად პრობლემა და საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული იყო, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების პრობლემებს და მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

სარჯველაძემ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სენსიტიურ საკითხებზე სწორი შეფასებები უნდა გაკეთდეს.

"ობიექტურობა მოითხოვს, რომ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი იქნას მხედველობაში მიღებული, როცა ამ საკითხების, თუნდაც, ტრაგედიის ირგვლივ გვექნება შეფასებები: "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა დევნილებს სოციალური საკითხების მოსაწესრიგებლად და მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ღირებულება, მასშტაბი თუ ინტენსივობა. თუმცა, ამის მიუხედავად რჩება გადაუწყვეტელი პრობლემები, რაც მოითხოვს მუშაობას და პრობლემების ეს მასშტაბი, რაც ქვეყანას აქვს, განპირობებულია მნიშვნელოვანწილად იმით, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ საკითხებს არათუ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა, არამედ მთლიანად იყო პრობლემა და საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული. ამ ფონზე, რა მოცემულობაც გვაქვს, მე ძალიან ვაფასებ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამოავლინა მზადყოფნა მიმდინარე მწვავე და კრიზისული პრობლემების გადასაჭრელად შეთავაზებული ყოფილიყო ქირით გადაყვანა და შემდეგ პრიორიტეტიზაცია გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ მიმართულებით თანამშრომლობა აქციის მონაწილეებმა და ხელისუფლებამ უნდა გააგრძელონ, რადგან ეს არის საკითხის გადასაჭრელად ყველაზე სწორი მოდელი. თუნდაც იმ მიზეზების ფონზე, რაც მე ჩამოვთვალე, რაც მხედველობაშია მისაღები, ნათელია, რატომ ხდება საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების მომრავლება, ეს ამორალურია, როცა ადამიანები ცალკეულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მერკანტილური მიზნებით იყენებენ", - განაცხადა სარჯველაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას მოწოდებას, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებს არა მარტო აკვირდებიან, არამედ კოორდინაციაში არიან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.