ქირის შეთავაზება დევნილებისთვის არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპირებს ამ ქირაზე გაადატაროს პირობის შესრულება ბინით დაკმაყოფილებაზე, არც სახელმწიფოს სურს მუდმივად ქირა იხადოს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების პრობლემებს.
მისივე თქმით, „ქართლში" მცხოვრებ დევნილებთან ბინებით უზრუნველყოფაზე ადმინისტრაციული ხელშეკრულება გაფორმებული იყო.
ვოლსკი აცხადებს, რომ კვადრატული 550 დოლარი უჯდება სახელმწიფოს იმ ბინის აშენება, რომელსაც დევნილებს გარემონტებულს აბარებს და შესაბამისი თანხაა დადგენილი იმ შემთხვევისთვისაც, თუ დევნილი თავად მოიძიებს საცხოვრებელ ფართს.
კითხვაზე, უნდა გადაიხედოს თუ არა დადგენილი ფასი, რადგან როგორც დევნილები ამბობენ, 550 დოლარი შავი კარკასის ფასია, ვოლსკი აღნიშნავს, რომ "ეს შეკითხვა ლეგიტიმურია და საინტერესოა".
„მინისტრი იქნება თუ სხვა, ოჯახს უნდა მიუსამძიმროს. ფაქტია, რომ ბინების შესყიდვა, რაზეც გარანტიას აძლევს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სამინისტრო დევნილებს, ფორმდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებული იყო კონკრეტულ მოსახლეობასთან. 550 დოლარი კვადრატულის ფასი არის დადგენილი, რომლითაც შეუძლია ნებისმიერ ოჯახს, რომელიც აღრიცხვაზეა, შეარჩიოს ამ ღირებულების ფართი და რამდენიმე დღეში იქნება უზრუნველყოფა დაშვებული, ამ ხალხს ასევე აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ სხვა გზა - კერძოდ, 2022 წელს დასრულდება მშენებლობები და ისინი მიიღებენ ბინას. თუმცა, ავარიულ სახლში ცხოვრება საფრთხეს უქმნის მათ და გარემოს, ქირის შეთავაზება კი არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპირებს ამ ქირაზე გადაატაროს პირობის შესრულება, არც სახელმწიფოს სურს მუდმივად ქირა იხადოს და ის განცხადებები, რაც გაკეთდა აცდენილია რეალობას, რადგან ქირის მიცემა არ ნიშნავს სახელმწიფოს ვალდებულების შეუსრულებლობას. რაც ეხება გარდაცვალებას, ყველამ უნდა გავიზიაროთ ოჯახის მწუხარება და გამოძიების შედეგებს დაველოდოთ,"- განაცხადა ვოლსკიმ.