ეპიდვითარება ახლა არის საკმაოდ დაძაბული და მნიშვნელოვნად დიდი მოლოდინია შემთხვევების ზრდის რისკის, როგორც მთელი მსოფლიოს მაგალითი აჩვენებს, „ომიკრონს“ შეუძლია მსგავსი სცენარით სიტუაციის განვითარება, - ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. ალერგოლოგ - იმუნოლოგის თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდა იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი.
„საქართველოში რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე საკმაოდ მაღალია მილიონ მოსახლეზე ოვიდგადატანილების რიცხვი. ამას გარკვეულწილად ექნება პოზიტიური გავლენა. მოსახლეობის 30% არის მიმღები ამ ინფექციის მიმართ, ეს არის მილიონზე მეტი ადამიანი. სამწუხაროდ, აქ ძირითადი ნაწილი ბავშვები არიან, რომლებსაც ვერ ვცრით. თუმცა, ბავშვთა შორის ვირუსის გავრცელება საკმაოდ მაღალია. ყველა პროგნოზით, იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში შემთხვევების რაოდენობის მატება იქნება“, - ამბობს კულუმბეგოვი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 343 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 931 507, გარდაიცვალა 14 481 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.