ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან არის ერთიანი პოზიცია და ეს პოზიცია არ შეცვლილა არც მოლაპარაკებამდე და არც მოლაპარაკებების შემდეგ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის სატელეფონო საუბრები, რომლებიც ბრიუსელში ჩამოსვლამდე მქონდა, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია უშუალოდ პირველწყაროსგან მოისმინოს თუ რაზე იყო საუბარი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე.
„აშკარაა, რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორებისთვის ის წინადადებები, რაც რუსეთის ფედერაციამ წარმოადგინა, არ განიხილებოდა, რადგანაც იქ არის ძალიან მკაფიო წითელი ხაზები. იმ ხაზების დარღვევა იწვევს საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგის თავდაყირა დაყენებას, გლობალური უსაფრთხოების სისტემებს ცვლილებას. იქ საუბარია რაღაც გავლენის სფეროებზე, მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვაზე და ეს მართლაც არის ის წითელი ხაზი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნატოელი პარტნიორები არ გადაკვეთენ და იქნებიან ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულები საკუთარი პოზიციის დაცვაში. აქვე ვართ ჩვენც, რადგანაც იქ საუბარია უკრაინასა და საქართველოზე“, - აცხადებს ზალკალიანი.
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ნატოსა და ევროკავშირში. არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთანაც.