რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის ჩართული უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევებში. ფრაგმენტი CNN-ზე კრემლის წარმომადგენლთან ინტერვიუდან The Hill-მა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
პესკოვის თქმით, კრემლმა კიბერშეტევის შესახებ მედიიდან შეიტყო და მიაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ბრალდება.
„ჩვენ მიგვაჩნია ეს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ბრალდების გაგრძელებად. ჩვენ თითქმის შეჩვეულები ვართ იმ ფაქტს, რომ უკრაინელები რუსეთს ადანაშაულებენ ყველაფერში, თუნდაც ქვეყანაში უამინდობის გამო“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
პესკოვის თქმით, მოსკოვი უკრაინაში პროვოკაციის მომზადების ბრალდებებს სიცრუედ თვლის, სანამ აშშ-ის ხელისუფლება ამის მტკიცებულებას არ წარადგენს.
„იცით, ჩვენ ვცხოვრობთ ყალბი ბრალდებებისა თუ ყალბი ამბების, სიცრუის სამყაროში. სანამ ეს არ დადასტურდება რაღაცით, მაგრამ რაღაც ხილულით ან რაღაც ცხადით, ჩვენ განვაგრძობთ გვჯეროდეს, რომ ეს არის ყალბი ამბავი და ცრუ ბრალდებები“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მოლაპარაკებების კომენტირებისას პესკოვმა აღნიშნა, ისინი რჩებიან "სრულიად განსხვავებულ გზაზე" და ეს "შეშფოთებას იწვევს".
14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ.“
მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორის იყო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები.