"ნაცმოძრაობა" ყველაზე არასტაბილური პარტიაა, სადაც არ იციან რა უნდათ - სასურველია შემოვიდნენ პარლამენტში, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ არაფრის უნარი არ აქვთ

ჩვენ ვერც საგამოძიებო კომისიის შექმნაში ვხედავთ პრობლემას, ვერც ამ კომისიის არ შექმნაში ვხედავთ პრობლემას, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, მაღალი სტანდარტით არის დაცული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ის სააკაშვილის წინააღმდეგ „არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას გამოეხმაურა.

იონათამიშვილის თქმით, არახალია, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „სამყარო მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ბრუნავს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოლომდე მაინც არ არიან კმაყოფილი მისი ქმედებებით და შინაგანად სურთ, რომ გაემიჯნონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს აქტიური დღის წესრიგი, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის ის არსებითი გამოწვევები, რომელიც დაუყონებლივ საჭიროებს გადაჭრას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე არასტაბილური პარტია, სადაც არ იციან რა უნდათ, შესაბამისად, კვირაში ერთხელ იცვლიან პოზიციებს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესაძლო შესვლის შესახებ.

„რაც შეეხება მათ პარლამენტში ყოფნას, რითაც მათ აქამდე თავი დაგვამახსოვრეს, ეს იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნის დაკვრა, მაგიდებზე ფეხით სიარული და მიხეილ სააკაშვილის წერილების მხატვრული კითხვა. სავარაუდოდ, ისევ ამ რეჟიმში გააგრძელებენ მოღვაწეობას, ამიტომ ცხადია, სასურველია ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ მათ არც ქუჩაში და არც საპარლამენტო საქმიანობის დროს არაფრის უნარი არ აქვთ.

ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც განაპირობა იმ უპასუხისმგებლო, არათანმიმდევრულმა დამოკიდებულებამ, რომელიც ზოგადად არსებობს ამ პარტიაში, რომელიც მათი არაფორმალური მმართველის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არსებობს და ასევე მისი წევრების მხრიდანაც და ეს აშკარად იგრძნობა. შესაბამისად, ასეთი არათანმიმდევრული პოლიტიკური პარტია, რომელსაც ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ და საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ცხადია, ეს ყოველთვის ძალიან მძიმედ მთავრდება ხოლმე პარტიისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ გაღრმავდება ეს მძიმე კრიზისი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.