ამერიკის სხვადასხვა მიმართულებით შესწავლის მიზნით ქართველი და ამერიკელი მეცნიერების სტატიებია გაერთიანებული „ამერიკის შესწავლის საკითხების“ მე-8 კრებულში, რომლის პრეზენტაციაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტატიების თემატიკა მრავალფეროვანია და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.
პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის კულტურის ატაშე საქართველოში კრისტოფერ ანდერსონი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი უმაღლესი სკოლა, სადაც ამერიკანისტიკის მიმართულება ჩამოყალიბდა და დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. „ეს გამოცემა, რომელიც ქართველ და ამერიკელ მეცნიერებს აერთიანებს, საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს დაწყებული სოციოლოგიიდან, პოლიტიკის მეცნიერებიდან, დამთავრებული არქიტექტურით, მედიცინით. სტატიები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა და კარგია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „საქართველოში აშშ-ის საელჩოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ამერიკის შესწავლის პროგრამას დიდი ხნის პარტნიორობის ისტორია აქვს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ახლო თანამშრომლობას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მის რექტორთან, ამ პროგრამის ხელმძღვანელებთან გვაკავშირებს და გვსურს ორივე მხარემ ერთად შევუწყოთ ხელი აშშ-ის წარმოჩენას საქართველოში,“ - აღნიშნა კრისტოფერ ანდერსონმა.
გამოცემის მთავარი რედაქტორის, თსუ ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას ინფორმაციით, სამომავლოდ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ გამოცემული ყველა კრებული ერთ წიგნში გაერთიანდება და გამოქვეყნდება. „ამ კრებულში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ ბევრი სტატიაა შესული. გამოცემა, რომელიც პანდემიის პირობებში, დისტანციურ რეჟიმში მომზადდა, ძალიან დიდი შრომის შედეგია და ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ავტორებს,“ - აღნიშნა ვასილ კაჭარავამ.
კრებული, რომელიც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ მომზადდა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელი ავტორების სტატიებს აერთიანებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: აშშ-ის ადმინისტრაციების ეროვნული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის და საქართველოს მიმართ 1992-2002 წწ; ფილოსოფია ქართულ-ამერიკულ პარალელებში; თანამდევი პროცესები ამერიკელ და ქართველ ფემინისტთა მოძრაობაში; ქართველები ლათინურ ამერიკაში; აშშ-რუსეთის ურთიერთობები და მათი ასახვა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე და სხვა.