ვახტანგ ძაბირაძე:  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა განაცხადეს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ და ალბათ, უნდა გააგრძელონ - ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას არ იქონიებს

ვახტანგ ძაბირაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა განაცხადეს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ და ალბათ, უნდა გააგრძელონ - ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას არ იქონიებს

ჯერჯერობით ჩვენ დავრჩით იმ პოლიტიკურ ჩარჩოებში, რასაც ბოლო წლებია „ქართული ოცნება“ და დღევანდელი ხელისუფლება ატარებს - ეს გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით, რეპუტაციაზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას არ იქონიებს, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ დააპატიმრებდნენ, ეს ფაქტი ქვეყანაში დიდ პოლიტიკურ არეულობას არ გამოიწვევდა.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი აღნიშნული პროცესის საქმის კურსში იყო და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული მოვლენები გარკვეულწილად პოლიტიკური მოტივიდან მომდინარეობდა.

„შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, თავისუფლება შეინარჩუნეს და ესეც საკმაო მიღწევაა. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს პოლიტიკური - მთელი ეს პროცესი ხაზარაძის გამოჩენა, ანაკლია და ბევრი ფაქტორი ერთად და ის, რომ არქივიდან ამოიღეს საქმე, ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ აქ მთლიანად თუ არა, საკმაოდ დიდი წილი სწორედ პოლიტიკური მოტივი იყო და პოლიტიკური მოტივიდან მომდინარეობდა. შესაბამისად, ამ პროცესს ჰქონდა საკმაოდ დიდი პოლიტიკური დატვირთვა. მე ძალიან დიდი ინტერესით და გარკვეული დაძაბულობით ველოდებოდი რას გადაწყვეტდა მოსამართლე, რადგან აქ სამართლებრივ მხარეზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ვითარება. გარკვეული ლაკმუსი და ორიენტირი იქნებოდა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, რაც ჩვენს სამეზობლოში და ზოგადად მსოფლიოშია რუსეთის ფაქტორის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენს დამოუკიდებლობასაც ეხება და თავისუფლებასაც - დავრჩებოდით ჩვენ ისევ იმ ზღვარში საშინაო და საგარეო პოლიტიკის, როგორც აქამდე ვიყავით, თუ მოხდებოდა გარკვეული ცვლილება ამ ორიენტირების. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ დავრჩით იმ პოლიტიკურ ჩარჩოებში, რასაც ბოლო წლებია „ქართული ოცნება“ და დღევანდელი ხელისუფლება ატარებს.

მათ განაცხადეს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ და ალბათ, უნდა გააგრძელონ. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით, რეპუტაციაზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას არ იქონიებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელისუფლება გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს და მათ დააპატიმრებდნენ, არამგონია ამას ქვეყანაში დიდი პოლიტიკური არეულობა გამოეწვია. ეს იმდენად გახმაურებული პროცესია, ბიძინა ივანიშვილი რომ საქმის კურსში იქნებოდა, ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.