საზოგადოებას მამუკა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი, „ლელო“, ზოგადად ოპოზიციის ეს ნაწილი ატყუებდა, რადგანაც დადასტურდა, რომ ეს პირები სწორედ, რომ დამნაშავეები არიან უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური ძალების მიერ, სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესახებ გაკეთებული განცხადებები, ტყუილია.
„მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი სასამართლომ ცნო დამნაშავედ უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში - ეს არის თაღლითობა. ეს მუხლი რომ არ ყოფილიყო ხანდაზმული, მათ 7-7 წელი მოუწევდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ პოლიტიკური ძალებისგან თითქოსდა სასამართლოს გამოყენება რაღაცა პოლიტიკური მიზნებისთვის, არის ტყუილი. საზოგადოებას მამუკა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი, „ლელო“, ზოგადად ოპოზიციის ეს ნაწილი ატყუებდა, რადგანაც დადასტურდა, რომ ეს პირები სწორედ, რომ დამნაშავეები არიან უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის უმძიმესი მუხლი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 7 წლით ითვალისწინებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.