ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ფონზე საქართველოში ვაქცინაცია კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამან შესაძლოა „ომიკრონის“ შედარებით მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცრილია.
„ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი. შესაძლოა აქ გაცილებით მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს „ომიკრონს“. ახლა არის კრიტიკული ორი თვე წინ, როდესაც რამდენიმე ათობით ათასს გადააჭარბებს დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს საავადმყოფოში“, - განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხევევების რაოდენობა 1000-ს უახლოვდება. საქართველოშიამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.