„ნაციონალურმა მოძრაობამ" ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი, ყველაზე უარესი ის მდგომარეობაა (ანუ ბოიკოტი), რომელშიც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს.
„მოარული გამონათქვამი, რომ „რუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას“ არის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და „გარე პერიმეტრზეც“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.