ეს არის დისკრიმინაციული განცხადება, მაგრამ უფრო მძიმეა, ვიდრე უბრალოდ დისკრიმინაციული. კატეგორიულად მიუღებელი რამაა, რასაც არავითარ შემთხვევაში არც ერთი პოლოტიკოსი არ უნდა კადრულობდეს, - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებები.
„ბნელი შუასაუკუნეების დროინდელი რაღაც მოსაზრებებით, უაზრო განცხადებებით არ უნდა გამოდიოდეს. არ ვიცი, რაში შეიძლება გამოიხატებოდეს პოლიტიკოსის მხრიდან პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ, როდესაც მოწყვლად ჯგუფებზე გვაქვს საუბარი. ასეთი განცხადებების ფონზე ჩემთვის გაუგებარია. იმდენად მიუღებელი რამ არის, რომ ამის კომენტირებაც არ ღირს, ეს გასაკიცხი საქციელია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშილმა სოციალური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა და ამომრჩეველს პირდაპირი ეთერიდან სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა. ნათელაშვილს სურს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება ჩამოერთვათ და მათ არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.