აჯანყებულები არიან ნაზარბაევის ხალხის წარმომადგენლები. უსაფრთხოების სამსახურებში ნაზარბაევის ხალხია, ამიტომ პრეზიდენტი ტოყაევი ვერ ეყრდნობა თავის ხალხს და მან დაუძახა რუსეთს, - ასე შეაფასა ყაზახეთში განვითარებული მოვლენები კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.
როგორც მან აღნიშნა, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა შექმნა ანტირუსული სახელმწიფო.
„აღმოსავლური ეშმაკობით და „არ გააღიზიანო და იმუშავე“ პრინციპით ნაზარბაევმა მოახერხა ყაზახ ხალხში ანტირუსული განწყობის შექმნა. ასტანაში დედაქალაქის გადატანაც ანტირუსული ქცევა იყო. საბავშვო ბაღებშიც ანტირუსულ სპექტაკლებს დგამენ. სწორედ ამიტომ, საპროტესტო ტალღის დაწყების შემდეგ თოყაევს სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი გარდა იმისა, რომ მიემართა რუსეთისთვის", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ყაზახეთში შესული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი დასავლეთიდან მიდის.
„ყაზახეთში ინვესტიციების 80% არის დემოკრატიული ფული - აშშ-ის, ნიდერლანდების და ბრიტანეთის ინვესტიციების საერთო ჯამია, ხოლო რუსეთის და ჩინეთის ინვესტიციები 20%-შ შეადგენს. მთელი ფული არის დასავლური. ეს არის დემოკრატიით შეფერილი ავტოკრატული მმართველობის სისტემა. ყაზახეთის არსებითი ძვრები იყო დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ.
ყველა, ვინც აჯანყდა და ქუჩაში ხალხს ხოცავს, არის რადიკალური ისლამის მომხრე. ისინი საჩვენებლად ქუჩაში ლოცულობენ და ამით საკუთარი ღირებულებების დემონსტრირებას ახდენენ. ამიტომ სჯობს, რომ ზომიერი ისლამის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. თუ ზომიერს არ განავითარებ, აგრესიული თავისით მოვა და არც შეგეკითხება. ის ცუნამივით მოვა, დაგარტყამს და ეს ჩვენი პრობლემაც არის. ჩვენ რომ არ ვაშენებთ მეჩეთებს და გვგონია, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, არ არის ასე. ეს ისეთ დროს დაგარტყამს, როდესაც არ ელოდები. კეთილი უნდა ვინებოთ და მოდერნიზირებულ, თანამედროვე რელიგიასთან მუშაობა უნდა ვისწავლოთ.
ყაზახეთი 20 წლით უკან გადავარდა. რუსეთი სუსტდება კავკასიაში და იქ აშკარად გაძლიერდა, მაგრამ ეს დროებითია, რადგან რუსეთმა ხაფანგში შეყო თავი. ეს არ არის ბელარუსი და უკრაინა, ეს სულ სხვა სამყაროა“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მან ყაზახეთსა და საქართველოს შორის გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ 10-15 წელიწადში, შესაძლოა, საქართველოშიც მსგავსი ვითარება შეიქმნას.
„ივანიშვილი არის საბჭოთა კავშირის ბოლო ნამსხვრევი საქართველოში. ელიტაში საბჭოთა კავშირში შექმნილი ღირებულებებით აღარავინაა. ვინ არის ივანიშვილი? ის დანგრეული საბჭოთა კავშირით გამდიდრდა და მან არსებობის სხვა ფორმა არ იცის გარდა ნანგრევებიდან სიკეთის მოპოვებისა. თუ ის ამ ფორმით აპირებს ავტორიტარული მმართველობის გაგრძელებას, ეს ქვეყანას შეიძლება ძვირად დაუჯდეს 10-15 წლის შემდეგ, როდესაც ის იმდენად დაბერდება, რომ მისი ხალხი დაიწყებს მის წინააღმდეგ გამოსვლას, რაც მოხდა ნაზარბაევთან და შევარდნაძესთან. შეიძლება მისი ჯიბის მილიარდებისთვის დაიწყოს ბრძოლა. მან ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში საზოგადოების მხრიდან დემოკრატიის მოთხოვნა არსებობს, თუმცა როგორც მმართველი ძალა, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მოთხოვნის შესრულებას ხელს უშლიან.
„ის, რომ მეორე ტური დადგა დიდ ქალაქებში, ეს მშვენიერი ნიშანია იმისა, რომ საშუალო ფენას ვერ იყიდი და მას არ უნდა თავზე უნიჭო ადამიანი აჯდეს. შედეგებმა და სამეგრელოში გამარჯვებებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიის მოთხოვნა. როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ არ აძლევენ საქართველოს იმის საშუალებას, რომ დემოკრატიული მმართველობა გაძლიერდეს. არცერთი ფიქრობს სახელმწიფოზე, ორივე ძალაუფლებაზე ფიქრობს. ერთი ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს ის, ხოლო მეორე ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს. ეს უფრო მეტად არის "ნაციონალური მოძრაობის" ბრალი, რადგან როდესაც ხარ „მკვდარი“, უნდა თქვა, რომ ასეა და წახვიდე. მიშა პოლიტიკურად უკვე მკვდარია. საზოგადოებას მისი არ სჯერა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.