ხელისუფლების ტაქტიკაა ოპოზიცია აქციებით არეულობის მომხრეებად წარმოაჩინოს, თუმცა, ეს სტრატეგია არ გავა - "ქართულ ოცნებას" ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პროტესტი დემოკრატიის ნაწილია და ამის დემონიზება "ქართული ოცნების" მხრიდან სწორი არ არის.
"ნებისმიერი პროტესტი ხალხის უკმაყოფილებას უკავშირდება, რადგან ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე არსებობს ეჭვი, მე ლეგიტიმური მგონია ხალხის ნებისმიერი პროტესტი, რომელიც მშვიდობიანია და პროტესტების დემონიზება არ უნდა მოვახდინოთ. მე მესმის ხელისუფლების ტაქტიკა, ისინი ცდილობენ მშვიდობის მხარეს გამოჩნდნენ, რადგან ხალხს უფრო მშვიდობა უნდა, ვიდრე არეულობა და უნდათ ოპოზიცია არეულობის მომხრეებად წარმოაჩინონ აქციებით. ეს სტრატეგია არ გავა, "ქართულ ოცნებას" ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ის ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას “შავ სიებთან" დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "შავი სიებით" ადამიანების "დაბულინგება" მიუღებელია.
„სია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბლოკნოტში თავისთვის, მაგრამ ამ სიის არსებობას არ უნდა მოჰყვეს არანაირი სამართლებრივი შედეგი. ნებისმიერ ეჭვი სამართალდარღვევაზე, მათ შორის, თუნდაც ქვეყნის ღალატთან დაკავშირებით, უნდა დაადასტუროს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ და არ შეიძლება სიებით ადამიანების დისკრედიტაცია", - განაცხადა მანჯგალაძემ.