ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ყაზახეთში განვითარდა

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ყაზახეთში განვითარდა

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ყაზახეთში განვითარდა და რომელთა შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს ვადებში ყველა ზომა მიიღება ვითარების საბოლოოდ დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს შედეგების დაძლევა და შემდგომი განვითარების მიმართულებით სვლას ვუსურვებთ ჩვენს მოძმე ყაზახეთსა და ჩვენს ყაზახ ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატიურ კორპუსი კავშირზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და საჭიროების შემთხვევაში ხმარება მათ.

როგორც ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის შედეგად, საერთო ჯამში 5 969 ადამიანია დაკავებული.

პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.