დევი ტაბიძე ეპიდვითარებაზე: 1-2 კვირის შემდეგ, შტორმსა და ძალიან მძიმე მონაცემებს მივიღებთ

დევი ტაბიძე ეპიდვითარებაზე: 1-2 კვირის შემდეგ, შტორმსა და ძალიან მძიმე მონაცემებს მივიღებთ

ექიმების შეფასებით, საქართველოში ეპიდვითარება რთული და არასაიმედოა. ქვეყანაში ეპიდემიის მე-6 ტალღა დაიწყო. დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. სამხრეთაფრიკული ვარიანტის გავრცელების პიკურ პერიოდს ექიმები იანვრის ბოლოდან ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ახალ შტამს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალურად გადატვირთვა მოჰყვება.

„პრაქტიკულად, უკვე გადავედით მე-5-დან მე-6 ტალღაში. დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ ეს იქნებოდა შტორმი და ძალიან მძიმე მონაცემები. დაახლოებით, 1-2 კვირის შემდეგ, ამ შედეგებს მივიღებთ. საზეიმო დღეები კიდევ ერთი დამაჩქარებელი აქტივატორია იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს“, - აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 959 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 912 443, გარდაიცვალა 14 187 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.