ფრაქცია „ლელოს" ინიციატივას, რომ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მმართველი პარტია არასერიოზულად მიიჩნევს. როგორც „ოცნების" წარმომადგენელმა პარლამენტარმა გურამ მაჭარაშვილმა „რეზონანსთან" განაცხადა, სურვილის შემთხვევაში ოპოზიციას პარლამენტში საკუთარი ძალებითაც შეუძლია მსგავსი კომისიის შექმნა, თუმცა დაახლოებით 6 თვეა ამაზე მხოლოდ ლაპარაკობენ და კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ლელოს" ინიციატივას მხარს უჭერს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია.
„ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში მხარი დავუჭიროთ „ლელოს" მიერ ინიცირებულ ანტიკორუფციულ კომისიას. ერთ-ერთ მიმართულებად ამ კომისიაში თუ განხილული იქნება კორუფცია ენერგეტიკაში - ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ "ქართულ ოცნებას" არ მივცეთ მანევრირების საშუალება", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.
უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა ადრეც ჰქონდა „ლელოს", რაც „ოცნებისთის" ალოგიკურია.
„მათ ეგ ინიციატივა ადრეც ჰქონდათ. ამისი საფუძველიც არ არსებობს და არც რაიმე ლოგიკაა მასში, როცა ქვეყანაში ანტიკორუფციული ფუნქციების მქონე უამრავი უწყებაა. ასე რომ, თუ „ლელოს" რამე მუშაობა სურს, ძალიან ბევრი საქმეა, მათ შორის პარლამენტშიც, გარდა იმისა, რომ საგამოძიბო კომისიები შექმნან.
„ისე, იდეაში თუ სურთ შექმნან, ოპოზიციას რეგლამენტით ჩვენ ამისი ბერკეტი მივეცით. ამდენ ლაპარაკს შექმნან და რას გააკეთებენ დავინახავთ. მემგონი ნახევარ წელზე მეტია იძახიან შევქმნათო და აქამდე შეექმნათ, მათ ამის საშუალება ჰქონდათ და როგორც ჩანს, არც ამის შესაძლებლობა და თავი არ გააჩნიათ", - განაცხადა მაჭარაშვილმა „რეზონანსთან".
მისივე თქმით, მმართველი პარტია ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, რადგანაც ოპოზიციის ეს ინიციატივა არასერიოზულად მიაჩნიათ.
„რას დავუჭერთ მხარს, კაცო... მაგათ არასერიოზულ ნაბიჯებზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. ნახევარი წელია ამას გაიძახიან და ოპოზიციაშიც კი ვერ კრებენ ხმებს და ჩვენ ამას მხარი რანაირად უნდა დავუჭიროთ?! გარდა ამისა, უბრალოდ ალოგიკურია, როცა ამის შესაბამისი უწყებებია. თუ რამე კონკრეტული ფაქტი აქვთ, ესეც თქვან და შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ. თუ საკითხები გამოელიათ, ეგეც თქვან და მაგაზე პრიორიტეტული საკითხებიც ვიცით და თუ სხვა არაფერი აქვთ, დავეხმარებით, რომ დღის წესრიგში უკეთესი საკითხები შეიტანონ", - განაცხადა მაჭარაშვილმა „რეზონანსთან".