ეს არის ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
მისი თქმით, ღია კარის პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ზოგადად ემყარება ალიანსი და მისი არსებობა.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ნატო-ს გაფართოებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი არასდროს ყოფილა რუსეთის ამბიციური და აგრესიული დესტრუქციული ინტერესები. ასე იყო აქამდეც და ასე იქნება მომავალშიც. დღეს ჩვენი ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებასთან დგას ყველაზე ახლოს, ისე, როგორც არასდროს. როგორც ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის, ასევე ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, რასაც ადასტურებს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ალიანსის მინისტერიალებში, ალიანსის სამიტებში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ალიანსის პოზიცია ნატო-ს გაფართოებაზე უცვლელი და მტკიცეა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ერთგულები რჩებიან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და მხარს უჭერენ უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.