იენს სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას - საქართველოსა და უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ

იენს სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას - საქართველოსა და უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ

ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც საქმე უკრაინასა და საქართველოს ეხება - ჩვენ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

„ნატოს გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებამ ევროპაში დემოკრატიის გავრცელებასა და გაძლიერებას ძალიან შეუწყო ხელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატომ ძალით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში. ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ სურდათ ნატოში გაწევრიანება და გარკვეული პროცესების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები. ამით ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას ხელი შევუწყვეთ. საუბარია ევროპაში ცალკეული ქვეყნების დამოუკიდებელი და დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემაზე. გასული წლების განმავლობაში, ნატომ აჩვენა, რომ ნატოს კარი ღია რჩება. ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო ალიანსის წევრები გახდნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც საქმე უკრაინასა და საქართველოს ეხება. ჩვენ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელების კუთხით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. რეფორმები მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდნენ, თუმცა ეს ასევე აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს. მტკიცე და კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადია რუსეთის ჩარევისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსა და უკრაინასთან მუშაობას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.