პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, UNESCO-ს მიერ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანა იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სიტყვისა და თავისუფალი აზრის გავრცელებისთვის ჟურნალისტები ისჯებიან და ამის გამო შეიძლება მოკლან.
მანჯგალაძე იმასაც ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მის წინააღმდეგ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან დაწყებული „შავი პიარი" აჩენს ეჭვს, რომ სწორედ ხელისუფლება იყო დაინტერესებული ლაშქარავას მიმართ არასწორი წარმოდგენების შექმნით.
„პარლამენტის თავმჯდომარეს უთქვამს, UNESCO საგამოძიებო ორგანო არ არისო. რაც შეეხება გამოძიებას, 2013 წლის 17 მაისთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გამოსცა რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ძალოვნები არამარტო პასიურები იყვნენ, არამედ გზას უხსნიდნენ და ახალისებდნენ ძალადობრივ ჯგუფებს. 5 ივლისს უფრო მეტი მოხდა - ეს იყო სპეცოპერაცია თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. არსებული მთავრობის პირობებში გამოძიების არ მჯერა, რადგან მთავრობა 5 ივლისის სპეცოპერაციაში თავად მონაწილეობდა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში “ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული, სადაც აღნიშნულია, რომ ლექსო ლაშქარავა მოკლულია 5 ივლისს საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 11 ივლისს კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.