პატრიარქის საშობაო ეპისტოლე: ღმერთთან მიახლებაში მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება, აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე: ღმერთთან მიახლებაში მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება, აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება

ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან „ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა“ (ინ. 4,24),- ნათქვამია პარტიარქის საშობაო ეპისტოლეში.

„წმინდა მაკარი ეგვიპტელი წერს: როგორც სხეულს სხვა და სხვა ორგანო და ფუნქცია აქვს, ასევე სულსაც აქვს სხვა და სხვა გამოვლინება და ფუნქცია. სულის თვისებაა, მაგალითად: განსჯა, ნებელობა, სიყვარული, შემოქმედებითი უნარი; სირცხვილის, მორიდების, თავმდაბლობის გრძნობა; სიმართლისმოყვარეობა, მოწყალება, სინანული, სიბრალული, სიხარული... ისინი ღვთივბოძებული ნიჭებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ადამიანს ქმნის.

ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა ...

ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავს ჩვენი შინაგანი განცდები.

რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კი მგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი გონებასაც მოიცავს.

და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის გაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში" და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არ შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება“,- აღნიშნულია ეპისტოლეში.

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.