ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა, სრჯან ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ მისი შვილი თავისუფალი სამყაროს სიმბოლო და ლიდერი გახდა.
Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს. 5 იანვარს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში დაშვებისას ნოვაკ ჯოკოვიჩმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში დაბრუნება მოუწევს.
4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო.
„ჩემი შვილი ავსტრალიაში ტყვეობაში იმყოფება, მაგრამ ის ასე თავისუფალი არასდროს ყოფილა. ნოვაკი თავისუფალი სამყაროს სიმბოლო და ლიდერი გახდა. ნოვაკი ახალი სამყაროს სპარტაკია, რომელიც არ მოითმენს უსამართლობას, კოლონიალიზმსა და ფარისევლობას. ის პლანეტის ყველა ხალხის თანასწორობისთვის იბრძვის“, - აღნიშნა ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ.
ავსტრალიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზაზე უარი ეთქვა და მას დეპორტაცია ელის. ადვოკატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში 10 იანვრამდე დარჩება, როდესაც სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.