ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
" კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება (ОДКБ) არ ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას შიდა არეულობის აღსაკვეთად, თუ სახეზე არ არის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მიმართ საგარეო აგრესია. პრეზიდენტმა ტოკაევმა თავისი თხოვნა სამხედრო დახმარების თაობაზე სწორედ საგარეო აგრესიის ფაქტით დაასაბუთა: მან განაცხადა, რომ ეს ამბოხი და სისხლიანი არეულობა „საგარეო მტრების“ მიერ არის ორგანიზებული, უნდა შეფასდეს როგორც საგარეო აგრესია, თუმცა, კონკრეტულად არ დაუსახელებია - ვინ, რომელი სახელმწიფო ან სახელმწიფოები წარმოადგენენ ასეთ აგრესორებს; რუსეთმა, ვინაიდან დათანხმდა ტოკაევის თხოვნას, ავტომატურად გაიზიარა ეს არგუმენტი, რომ ყაზახეთი თურმე საგარეო აგრესიის მსხვერპლია. ძნელი მისახვედრი არ არის, საბოლოოდ ვინ გამოცხადდება ამ, ჩემი აზრით, მაინც უფრო სტიქიური ბუნტის,
ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული „შიდა რევოლუციის“, ინსპირატორ საგარეო აგრესორად. ვარიანტი თეორიულად თითქოსდა ორია - ან დასავლეთი ანდა ჩინეთი. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებსა და იმასაც, ვინ მიიჩნევა ტრადიციულად "ფერადი რევოლუციების" ინსპირატორად, „აგრესორობის ნომერ პირველი კანდიდატი“ - ნათელია. დიდი ალბათობით, სინამდვილეში ყველაზე მეტად დაინტერესებული ძალა ამ სტიქიური ბუნტით სწორედაც რუსეთია, ვინაიდან ამ ინტერვენციით მოსალოდნელია, რომ ყაზახეთში დასავლური ინტერესები სრულად დაითრგუნება, მთლიანად განიდევნება და ეს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, სავარაუდოდ - ბელორუსივით, გახდება დამოკიდებული რუსეთზე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს - არც ჩინეთსა სძინავს.
რასაკვირველია, საქართველო ყაზახეთი არ არის და აქ, მსგავსი სტიქიური ბუნტის ალბათობა პრაქტიკულად ნულია, რადგან ნებისმიერ სოციალურ პროტესტს ჩასაფრებულივით ელოდება და უარესიც, მის „აგორებას“ ყველანაირად ხელს უწყობს და ესწრაფის კიდეც ეს დესტრუქციული ძალა - ნაცობა. მაგრამ, ყაზახეთისგან განსხვავებით, საქართველო კოლექტიური უსაფრთხოების არც ერთი ორგანიზაციის წევრი არ არის და ბუნებრივია, თუკი, ღმერთმა დაიფაროს და მსგავსი ბუნტი "აგორდა", გარეშე ძალა მასში მხოლოდ ფარულად, არალეგალურად იქნება ჩართული, რაც კიდევ უფრო უკონტროლო და საშიშია; ცალსახად - ეს იქნება რუსული სამხედრო ძალა, ხოლო ამ დროს დასავლეთი, როგორც არაერთგზის გვინახავას და რაც კვლავაც მოსალოდნელია, ისევ ღრმა შეშფოთებითა და ბრძნული რჩევებით შემოიფარგლება; ბუნტის შემთხვევაში სამხედრო ინტერვენცია აქაც უდავოდ იქნება, ოღონდ არა ისეთი „ტრანსფარენტული“, როგორც ეს დღეს ყაზახეთშია, არამედ შენიღბული და დაახლოებით ისეთივე, რაც 90-იანებში ვნახეთ, ანუ - რუსეთის აქაური მე-5 კოლონის ხელით შესრულებული. ამიტომ: მაინცადამაინც ძნელი მისახვედრი არ არის, დიდი სიბრძნე ამას არა სჭირდება - ის, ვინც მიესალმება და ესწრაფის მსგავს ამბოხს, აღფრთოვანებულია რა „ყაზახი ხალხის ბრძოლით თვისუფლებისათვის“, სწორედ ისაა რუსეთის მეხუთე კოლონა".