ჯერ უნდა ვნახოთ ეს გეგმა, ეს ხომ არ არის, ერთმა კაცმა დაწერა და ყველამ აიტაცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობას.
„ეს გეგმა ჯერ გუნდის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობის„ მიერ უნდა შეჯერდეს, მერე უნდა განვიხილოთ, წინასწარ როგორ გითხრათ რა იქნება, ჯერ გეგმა არ გვინახავს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ხედვები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს. როგორც მისი თანაგუნდელები განმარტავენ, ეს იქნება ექსპრეზიდენტის ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად. ცოტა ხნის წინ, საპატიმროში, მასთან დეპუტატი რომან გოცირიძე შევიდა. როგორც მან საპატიმროში შესვლამდე ჟურნალისტებთან თქვა, სააკაშვილის მიერ ეკონომიკის საკითხზე დაწერილი გეგმის განხორციელება მაშინ დაიწყება, როდესაც ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა.