საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი, უკვე არსებული მეტრომანები კი ტრანსპორტში ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში ძალაში რჩება.
როგორც მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აბონემენტების შეძენა დღეიდან მეტროს სალაროებში შეიძლება, ხვალიდან კი „საქართველოს ბანკის“ ექსპერს ფილიალებშიც.
რაც შეეხება კრიტიკას იმის შესახებ, რომ გადახდის ახალი სისტემის მიხედვით მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი გაიზარდა, წილოსანი ამბობს, რომ ეს მცდარია.
„ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, ყველა დარწმუნდა, რომ მათთვის, ვინც ძირითადი მომხმარებელია, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ან რჩება უფასო მათთვის, ვინც შეღავათით სარგებლობს. დანარჩენ 10%-ში მოიაზრებიან ტურისტები და სხვა ის მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იშვიათად იყენებენ. შესაბამისად, მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება, მცდარია. ამის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანო ისიც, რომ თუ ტარიფი გაიზრდებოდა, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიების შემოსავლები უნდა გაზრდილიყო, თუმცა მოსახლეობაზე სატრანსპორტო დანახარჯს არ ვზრდით“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
კითხვაზე, რომ დედაქალაქში არსებულ ყვითელ მიკროავტობუსებში ახალი ბარათით გადახდის შესაძლებლობა არ იქნება, ვიქტორ წილოსანის ამბობს, რომ ახალი სამგზავრო ბარათების ამოქმედების მომენტისთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს.
„როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ 1-ელი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად - უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. 1-ელ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
ამასთან, დედაქალაქის მერის მიერ გაჟღერებული ინიციატივაზე, რომ ბანკებმა მომხმარებლებს აბონემენტის გადასახადი გადაუნაწილონ, ვიქტორ წილოსანის თქმით, ეს საკითხი ბანკების გადასაწყვეტია.
„ბანკებისთვის მერის ინიციატივა გაჟღერდა როგორც პროდუქტი და შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ბანკების გადასაწყვეტია. მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხში ჩართული არ არის“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ იქნება შესაძლებელი, რომ აბონემენტები საბანკო ბარათებს მიებას და განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება.