„ფაქტია, რომ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ჩვენი საზოგადოება არათანმიმდევრული ნაბიჯებით დაღალეს. პირველ რიგში, დაღალეს საკუთარი მხარდამჭერები და ამომრჩევლები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ გაემიჯნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას, რადიკალიზაციის გეგმებს და საერთოდ აღარ უჭერენ მხარს იმ სცენარებს, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი სთავაზობთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკასა და მოქმედების გეგმებს არ შეცვლის, ამომრჩეველს საბოლოოდ დაკარგავს.
„ეს აჩვენებს, თუ რამდენად დაშორდა ეს პოლიტიკური პარტია, ბელადთან ერთად, საკუთარ ამომრჩეველს. თუ შესაბამის დასკვნებს არ გამოიტანენ, ისინი საკუთარი ამომრჩევლის თვალში, საბოლოოდ დამარცხდებიან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს. როგორც მისი თანაგუნდელები განმარტავენ, ეს იქნება ექსპრეზიდენტის ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად. ცოტა ხნის წინ, საპატიმროში, მასთან დეპუტატი რომან გოცირიძე შევიდა. როგორც მან საპატიმროში შესვლამდე ჟურნალისტებთან თქვა, სააკაშვილის მიერ ეკონომიკის საკითხზე დაწერილი გეგმის განხორციელება მაშინ დაიწყება, როდესაც ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა.