გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის შემთხვევების ზრდამ კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში ვარიანტის გაჩენის რისკი შეიძლება გაზარდოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ოფიცერმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა, რომ ინფიცირების მზარდ მაჩვენებლებს საპირისპირო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
„რაც უფრო მეტად ვრცელდება „ომიკრონი“, მით უფრო მეტად ხდება მისი გამრავლება, რაც ახალი ვარიანტის წარმოშობის ალბათობას ზრდის. ამჟამად „ომიკრონი“ მომაკვდინებელია. მას შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს. შესაძლოა, „დელტაზე“ ოდნავ ნაკლებად, თუმცა ვის შეუძლია თქვას, როგორი იქნება შემდეგი ვარიანტი?“ - აღნიშნა კეტრინ სმოლვუდმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ევროპაში კორონავირუსის 100 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2021 წლის ბოლო კვირის განმავლობაში - ხუთ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა.
„ჩვენ ძალიან სახიფათო ეტაპზე ვიმყოფებით. დასავლეთ ევროპაში ინფიცირების მაჩვენებლები ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება და ამის რეალური გავლენა ჯერ არ არის ნათელი“, - განაცხადა მან.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
მსგავსი სიახლეები