თამარ გაბუნია 4 თვის ჩვილის გარდაცვალებაზე: ესაა დიდი დანაკარგი და კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალი, რომ მცირე ასაკისა და ნებისმიერი სხვა, მოწყვლადი მდგომარეობის მქონე ადამიანებთან უდიდესი სიფრთხილე გვმართებს

თამარ გაბუნია 4 თვის ჩვილის გარდაცვალებაზე: ესაა დიდი დანაკარგი და კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალი, რომ მცირე ასაკისა და ნებისმიერი სხვა, მოწყვლადი მდგომარეობის მქონე ადამიანებთან უდიდესი სიფრთხილე გვმართებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, „ქრონიკასთან“, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 4 თვის კოვიდინფიცირებული ჩვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა. მან ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა და მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან არიდების გზებზე ისაუბრა.

„ბავშვის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა. მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო. ესაა დიდი დანაკარგი და კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალი, რომ, განსაკუთრებით მცირე ასაკისა და ნებისმიერი სხვა, მოწყვლადი მდგომარეობის მქონე ადამიანებთან, რომელთა ჯანმრთელობა, შესაძლოა, ვერ იყოს იმდენად მყარი და ძლიერი, რომ ვირუსის ძალიან სერიოზულ, დამაზიანებელ ზემოქმედებას გაუმკლავდეს, უდიდესი სიფრთხილე გვმართებს. ამ შემთხვევაში, ჩვილი ბავშვების მდგომარეობა დამძიმდა უკვე არსებული, თანმხლები დაავადებებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები მაქსიმალურად დავიცვათ. ბავშვების დაცვა მათი გარემოცვის ვაქცინაციითაა შესაძლებელი. თუ ბავშვი ავადაა, აუცილებელია, ძალიან სწრაფად ნახოს ექიმმა. ჩვენი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომ წლამდე ასაკის ბავშვი, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მსუბუქი იყოს მისი მდგომარეობა, აუცილებლად უნდა ნახოს ოჯახის ექიმმა, პედიატრმა, რომელიც მისი მდგომარეობის სიმძიმეს შეაფასებს. რაც უფრო ადრე გამოვლინდება პრობლემები, მით მეტი შანსი გვაქვს, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი სასიკვდილო გამოსავალი ამ ასაკობრივ ჯგუფში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა.