პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენს ინტერესებში შედის, არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი დაადასტურებს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა კარგად აჩვენებს საზოგადოებას თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილის თავს გრძნობს სუსტად, მაგრამ არის ბრძოლის განწყობაზე და „სჭირდება კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია, რომელზეც ხელი არ მიუწვდება“.
„მე უკვე მესამედ მომეცა შესაძლებლობა პრეზიდენტთან შეხვედრისა და საუბრის. არის გარკვეული დეტალები რასაც ვაზუსტებთ სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმის მოლოდინიც ნორმალურ სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემიდან ექნებოდა ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს.
დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში შედის ჩვენს ინტერესებში, არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი დაადასტურებს არაადამიანური და ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა და შესაბამისი ადამიანების დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა საზოგადოებას კარგად აჩვენებს თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, როდესაც სააკაშვილი დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.
მე არ ვარ ექიმი, რომელსაც შეუძლია სამედიცინო თვალსაზრისით დასკვნა დადოს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მას აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრება საკუთარი ექიმებისგან. თავს გრძნობს სუსტად, მაგრამ არის ბრძოლის განწყობაზე და სჭირდება კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია, რაზეც ხელი არ მიუწვდება”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.