ჯანმო: უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს

ჯანმო: უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს

უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე, რაც უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე წინა ვარიანტები. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, აბდი მაჰამუდმა განაცხადა.

„უფრო და უფრო მეტ კვლევას ვხედავთ, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ „ომიკრონი“ სხეულის ზედა ნაწილს აინფიცირებს. ეს კარგი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ნამდვილად გვჭირდება მეტი გამოკვლევა ამის დასამტკიცებლად“, - აღნიშნა აბდი მაჰამუდმა.

ჯანმოს მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი სწრაფად გავრცელდა და სულ მცირე, 128 ქვეყანაში დაფიქსირდა.

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.