„ოფიცრის ატლასზე“ მუშაობა 2007 წლიდან დავიწყეთ და ის არ უკავშირდება დავით გარეჯის საქმეს, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ხორბალაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ატლასზე მუშაობის დაწყებისას, პირადად ჩემთვისა და ჩემი სამსახურისთვის დავით გარეჯის თემა არ არსებობდა. ჩვენ არ ვიყავით ჩართულები ამ პროცესებში და ჩავერთეთ 2012 წლიდან. აქედან გამომდინარე, დავით გარეჯის თემას ვერ დავუკავშირებ ვერანაირად ვერ დავუკავშირებთ „ოფიცრის ატლასს“. ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი კომენტარი შემიძლია გავაკეთო, დავით გარეჯის საქმეზე ამჟამად სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და განმარტებებს მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ რა განმარტებებიც აქამდე გამიკეთებია და რა კითხვებზეც გამიცია პასუხი, ყველაფერში ვარ დარწმუნებული და ყველაფერი სიმართლეა“, - განაცხადა ხორბალაძემ.
თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისათვის „ოფიცრის ატლასი“ 2021 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ.