„ლელო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

„ლელო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

პარტია „ლელო საქართველოსთვის" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მხარს უჭერს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა, „ლელო“ უერთდება აღნიშნულ მოთხოვნას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული.

„რა საკვირველია, ჩვენ ამ მოთხოვნას მხარს დავუჭერთ, რადგან მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია არცერთ ასეთ საკითხზე კითხვები არ უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს და მის მიმართ არაადამიანურ, თუ წამების მოპყრობას.

ცხადია, ამის თაობაზე უნდა გაკეთდეს ძალიან მკაფიო შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან ან კომისიის სახით. ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა. ჩვენ ამ ძალისხმევას შევუერთდებით. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენს სახელმწიფოზე ფიქრისას არცერთ საერთაშორისო პარტნიორს კითხვები არ ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო თავის ყოფილ მეთაურს. ამიტომ, როგორც საზოგადოების, ისე საგარეო პარტნიორების ინფორმირების მიზნით პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. ჩვენ ამ და სხვა მიმართულებით ყოველთვის მოვითხოვდით გამჭვირვალობას და ნებისმიერ მსგავს ძალისხმევას შევუერთდებით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ და იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას პარლამენტის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც გაიზიარებენ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.