ყველაზე მთავარი, რაც მომწონს ამ პროცესში და სალომე ზურაბიშვილმა რაზეც ისაუბრა, არის ის, რომ ეს ყველაფერი დავინახოთ და გავიაზროთ ჩვენი ბოლო 30 წლიანი ისტორიის კონტექსტში და აქედან გამომდინარე ვაწარმოოთ ახალი პოლიტიკა, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც იოსელიანი განმარტავს, იგი რაიმე კონკრეტული წინადადებით არ მისულა პრეზიდენტთან, მოუსმინა მის ხედვას და გააჟღერა, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლების სკეპტიკურად არიან განწყობილი არსებული პროცესების მიმართ, თავიდანვე ნუ დააზიანებენ ამ პროცესებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას საუბარი დაუთმო იმას, თუ როგორ შეუძლიათ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აზრები შეაჯერონ.
„მთავარი, რაზეც იყო საუბარი, შეეხებოდა ეროვნული თანხმობის პროცესს, ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია და ჩემთვის საინტერესო იყო, მას როგორ წარმოუდგენია. ყველაზე მთავარი, რაც მე მომწონს ამ პროცესში და რაზეც ქალბატონმა სალომემ ისაუბრა, ეს არის, რომ ეს ყველაფერი დავინახოთ და გავიაზროთ ჩვენი განვლილი ისტორიის, ბოლო 30- წლიანი ისტორიის კონტექსტში და აქედან გამომდინარე გამოვიტანოთ დასკვნები და აქედან გამომდინარე ვაწარმოოთ ის ახალი პოლიტიკა, რაშიც საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია და არამარტო პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები უნდა იყვნენ ჩართული. რაღაც შეთანხმების წერტილები უნდა გაჩნდეს ამ ქვეყანაში, რაზეც ყველანი შევთანხმდებით. მე კონკრეტული წინადადებებით არ მივსულვარ, მე მივედი, მოვუსმინე მის ხედვას და მთავარი ჩემი წინადადება და მოსაზრებაც ეს იყო, რომ ყველანი, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, ვინც სკეპტიკურად არიან განწყობილი ამ პროცესის მიმართ, თავიდანვე ნუ დააზიანებენ ამ პროცესს და მოუფრთხილდნენ ამ პროცესის შინაარსს. ძალიან მარტივია, რომ ყველაფერზე იძახო, არ ვარგა, რუსეთის აგენტი ეძახო და ათასი ეპითეტი გამოიყენო, მაგრამ ძალიან რთულია ამის საპირისპირო პროცესში მიიღო მონაწილეობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ამოცანა, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გაიაზროს და პირველივე შეხვედრაზე რომ არ მოვიდა, ეს არ იყო სწორი. წინაპირობების გარეშე უნდა იყოს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილმა თავისი საუბრის უმეტესი დრო დაუთმო იმ შესაძლებლობას, პროცესში როგორ შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ ჩვენ, განსხვავებულმა ადამიანებმა ამ ქვეყანაში რაღაცა პოზიციები შევაჯეროთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც იყო საუბარი, ეს იყო საერთაშორისო კონტექსტი და საქართველოს როლი, მომატებული რისკები", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.