ჯერ კიდევ წლების წინ, „იმედის“ ეთერში, ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ თემურ ალასანიაზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობდა, პრობლემების მოგვარებისთვის, ალასანიას თანხა გადაურიცხა, აქვს შესაბამისი დოკუმენტებიც, თუმცა პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ბიზნესმენი დააკავეს.
„პრობლემა სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან დაგვეწყო და ე.წ. კრიშის ძებნა დავიწყეთ. ბატონმა თემურ ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, ამ მომსახურების, ამ ლობიზმის, „კრიშის“ საფასურად, 2 მილიონი დოლარის ქეშად მიწოდება ან გადარიცხვა მოგვთხოვა. მის მიერ მოწოდებულ ოფშორულ კომპანიაზე ჩვენ გადავრიცხეთ 1 მილიონი დოლარი, 2 ტრანშად, 500-500 ათასი დოლარის ოდენობით. ამის მიუხედავად, ჩვენი პრობლემები არათუ შემსუბუქდა, არამედ - დამძიმდა. რესტორან „ძველ სახლში“, მოვახსენე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მილიონი დოლარი გვქონდა გადახდილი, ჩვენი პრობლემები არათუ დალაგდა, არამედ - უფრო დამძიმდა. მან აღმითქვა, რომ მყისიერად გაერკვეოდა ამ საკითხში. მითხრა: „მე ახლა მივდივარ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და პირობას გაძლევ, რომ ამ პრობლემებს დღეს წერტილი დაესმება, ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩამირიცხოთ დარჩენილი მილიონი დოლარი და გადმომიფორმოთ ფეროშენადნობი ქარხნის 25%“. ამის შემდეგ, მე და ბატონი თემურ ალასანია რესტორნიდან გამოვდივართ და თავს მესხმის შავებში ჩაცმული, ნიღბებიანი ათიოდე ახალგაზრდა, მაგდებენ ასფალტზე და მადებენ ხელბორკილებს. ამის შემდეგ, მე „აღმომაჩნდა“ ამ შეხვედრაზე „მოტანილი“ ნარკოტიკები. ოპერატიული თანამშრომლებიც კი შეწუხებულები იყვნენ, მეუბნებოდნენ, რომ ეს მათი ინიციატივა არ იყო და დავალებით ხდებოდა“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, დაკავების ფაქტს თავად ალასანიაც ესწრებოდა და ამ ყველაფერს უყურებდა.
თემურ ალასანიამ გამოძიების კითხვებს თავი აარიდა და საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა. ის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღისთვის ჩამოვიდა, თუმცა ალასანიას დღის წესრიგი გამოკითხვაზე დაბარებამ შეცვალა. სასამართლოში თემურ ალასანია გუშინ არ გამოცხადდა. საქმე ეხება თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს. საუბარია ერთ მილიონ დოლარზე.
ალასანია თბილისში 15 დეკემბერს ჩამოვიდა.