ვისურვებდი, ყველა პოლიტიკური პარტია დასწრებოდა პრეზიდენტთან მიღებას, რადგან ერთმანეთთან გაბუტულ პოზაში ყოფნა ვერანაირ დიალოგს ვერ დაძრავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თავად მიღებას დაესწრება და მისთვის გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკა, რომელიც პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს და მეორე მხრივ მასთან მიღებაზე არ მიდის.
„მე ვიქნები პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიებაზე. ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დასწრებოდა მას, რადგან ასე ერთმანეთთან გაბუტულ პოზაში ყოფნა ვერანაირ დიალოგს ვერ დაძრავს. ამას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა და კარგი საშუალებაა ეს პლატფორმა გამოყენებული იქნას დიალოგის დასაწყებად. „ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკაზე ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის გაუგებარია, შეწყალებას სთხოვდე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის და ღონისძიებაზე მისვლაზე უარს ეუბნებოდე, თუმცა, ალბათ, მათ თავიანთი პოლიტიკური ტაქტიკა აქვთ," - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტთან დღევანდელ საახალწლო მიღებას არ დაესწრება, თუმცა, ისინი მზად არიან შემდგომში, საქმიან ფორმატში მიიღონ მონაწილეობა.