ივანე ჩხაიძე: ძალიან მოკლე პერიოდში, პრაქტიკულად არ დარჩა კონტინენტი, სადაც „ომიკრონი“ არ შესულა - საქართველოში სავარაუდოდ, დეკემბერში გამოჩნდება

ივანე ჩხაიძე: ძალიან მოკლე პერიოდში, პრაქტიკულად არ დარჩა კონტინენტი, სადაც „ომიკრონი“ არ შესულა - საქართველოში სავარაუდოდ, დეკემბერში გამოჩნდება

ვერანაირი ზომები ვერ გატარდება, - ასე უპასუხა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკის“ წამყვანის კითხვას - რა ზომები შეიძლება გატარდეს იმისთვის რომ „ომიკრონის“ შტამმა საქართველოში ვერ შემოაღწიოს. ჩხაიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონი“ ქვეყანაში მიმდინარე თვეში გამოჩნდება.

„ზოგადად ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტეს საჰაერო საზღვრები პირველ რიგში სამხრეთ აფრიკის იმ 6 ქვეყანასთან, რომლებშიც დაფიქსირდა, ერთადერთი რა შედეგიც შეიძლება მოიტანოს, ესაა 1-2 კვირით გადაავადოს ამ ვირუსის შეღწევა ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე ჩვენც ჩავკეტეთ საზღვრები. 24 ნოემბერს 6 ქვეყანაში იყო „ომიკრონი“, დღეს არის 66 ქვეყანაში. ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად არ დარჩა კონტინენტი, სადაც „ომიკრონი“ არ შესულა. საქართველოში სავარაუდოდ, დეკემბერში შემოვა. ჩვენ ინტენსიური მიმოსვლა გვაქვს ევროპის ბევრ ქვეყანასთან, ასე რომ ამ მხრივ ქვეყნის საზღვრების დაცვა შეუძლებელია. ეს არის სრული ილუზია, რომ თუნდაც სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების ქვეყანაში არ შემოშვებამ, რამე ღირებული შეცვალოს. შეიძლება გადაავადოს, მაგრამ, სავარაუდოდ დეკემბერში „ომიკრონი“ საქართველოში გამოჩნდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.