მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე რეაგირებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დროს, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ მოსახლეობის, მეორე მხრივ კი, ბიზნესის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.
„ჩვენ დავასრულეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ეს ხედვა, თქვენგან მოვისმინო რეკომენდაციები, თქვენი აზრი და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. რაც მთავარია, მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. გართულ შეხვედრაზე იმსჯელეს კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშსა და მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირებისთვის. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.