მარიამ ჩიქობავა ოპოზიციას მე-9 კლასის სახელმძღვანელოზე: გადაშალეთ, წაიკითხეთ და აზრი ისე გამოიტანეთ, თუ შეიძლება

მარიამ ჩიქობავა ოპოზიციას მე-9 კლასის სახელმძღვანელოზე: გადაშალეთ, წაიკითხეთ და აზრი ისე გამოიტანეთ, თუ შეიძლება

სახელმძღვანელოში თითქოს, წერია, საქართველომ დაიწყო ომი; დაკნინებულია, ცუდადაა წარმოჩენილია რეფორმები, რომელიც 2003 წლიდან გატარდა - ეს არის უბრალოდ ტყუილი ბრალდება, - ამის შესახებ განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ოპოზიციის ნაწილმა დღეს მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან კონკრეტულად ჩიქობავას მიერ შედგენილი თავების ამოღება მოითხოვა და მათ პროპაგანდისტული უწოდა.

კითხვაზე, რამდენად აქვს საფუძველი პოლიტიკური სარჩულის ძებნას გრიფირებულ სახელმძღვანელოში, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, რომ სახელმძღვანელოში მკაფიოდ არის გატარებული და პათოსად გასდევს ქვეყნის დასავლური, ევროპული არჩევანი და ნატოში გაწევრიანების მცდელობა. მან ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაციას არასწორი უწოდა. კერძოდ, რომ სახელმძღვანელოში სიტყვა ოკუპაციის გამოყენებასა და რუსეთის, როგორც აგრესორის, მოხსენიებას მოერიდნენ და რომ რუსეთი ასეთი სახით სათანადოდ წარმოჩენილი არ არის.

მარიამ ჩიქობავას თქმით, სახელმძღვანელოს სანამ გრიფი მიენიჭება, საჯარო ხდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, იგი ნახოს. თუმცა, რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გრიფის მინიჭების შემდეგაც, არ არის პრობლემური, მათ მიმართონ. „კომუნიკაცია არავისთან გვიჭირს“, - დასძინა ჩიქობავამ.

მისივე განცხადებით, ძალიან გაუჭირდება შეფასება, თუ რტომ მოჰყვა სახელმძღვანელოს ახლა ასეთი შეფასებები.

„არ ვიცი, რატომ უნდათ, რომ ეს სახელმძღვანელოები ასე წარმოაჩინონ - თავზე გადავახევთ, დავწვავთ! არ ვიცი! აქ მკაფიოდ არის გატარებული და ცალსახად, დასავლური, ევროპული არჩევანი, ნატოში გაწევრიანების მცდელობა - პათოსად გასდევს. იქ, თუ სადისკუსიოდ გამოტანილია სამსჯელო კითხვები, შესაძლოა, ყველა მათგანი არ არის იდეალურად ჩამოყალიბებული და კორექტირება შესაძლებელია. ასეთი ტყუილი ბრალდება, რომ თითქოს, წერია, საქართველომ დაიწყო ომი; დაკნინებულია, ცუდადაა წარმოჩენილია რეფორმები, რომელიც 2003 წლიდან გატარდა - ეს არის უბრალოდ ტყუილი. გადაშალეთ, წაიკითხეთ და აზრი ისე გამოიტანეთ, თუ შეიძლება“, - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.