„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, შეიძლება, მოცემულ მომენტში ვიღაცას აწყობს დაბალი საარჩევნო .ბარიერი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის უკეთესი იქნება.
„იმედი მაქვს, რომ ნორმალური, საქმიანი საუბრები გვექნება. ამ მომენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ისევ პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი გახდა, არადა, დაბალი ბარიერი არ უნდა შედიოდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებში, იმის მიუხედავად, რომ, შეიძლება, ახლა ვიღაცას მეტად ან ნაკლებად აწყობს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ბევრად უკეთესი იქნება ყველასთვის“, - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
უმრავლესობის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზეა დამოკიდებული. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს ჩაერთვებიან. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები მაშინ ექნებათ, როცა ეს რადიკალური ნაწილი გონს მოეგება და პოლიტიკურ პროცესებში ნორმალურად ჩაერთვება.