საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, სუს-ის საკითხზე დაწყებული აჟიოტაჟით მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას ცდილობს.
„თუ მოქალაქეს იბარებენ, ვალდებულია, უწყებაში მივიდეს. აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება ერთადერთ რამეს - მას უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან, ბოლო დღეების განმავლობაში, უფრო მეტად, პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე და, როგორც ჩანს, მოუნდა, რომ, რაღაცნაირად, საზოგადოებას თავი გაახსენოს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, თუმცა, მისვლას არ აპირებს. ინფორმაცია მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვარაუდობს, რომ გამოკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.