აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადრეული მინიშნებები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მეცნიერებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ „ომიკრონი“ ვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.
სამხრეთ აფრიკიდან მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საგანგაშოდ არ გაზრდილა.
„ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ ამ ვარიანტს სიმძიმის დიდი ხარისხი აქვს. თუმცა, ნამდვილად ფრთხილად უნდა ვიყოთ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის თაობაზე, რომ ის ნაკლებად მძიმეა ან ნამდვილად არ იწვევს მძიმე დაავადებას, „დელტა“ ვარიანტთან შედარებით“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.