ალეკო ელისაშვილი: როდესაც სააკაშვილმა დაკრა ფეხი, წავიდა საქართველოდან და უარი თქვა მოქალაქეობაზე, ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქვეყნისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა

ალეკო ელისაშვილი: როდესაც სააკაშვილმა დაკრა ფეხი, წავიდა საქართველოდან და უარი თქვა მოქალაქეობაზე, ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქვეყნისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა

როდესაც სააკაშვილმა პრეზიდენტობის შემდეგ დაკრა ფეხი და წავიდა საქართველოდან და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა იმ ქვეყნისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ის ხომ რიგითი ადამიანი არ იყო. ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და მის მიერ გაცემული ბრძანების შედეგად ხალხი ომში წავიდა და დაიღუპა. სიცოცხლე გაიღეს ქართველმა მებრძოლებმა პრეზიდენტის ბრძანების შედეგად. ასეთი ადამიანი როცა დაჰკრავს ფეხს, გავარდება სხვაგან და სხვა ქვეყნის პატრიოტობას იჩემებს... ერთი კადრი მახსოვს, ჟურნალისტებს ელაპარაკება აეროპორტში, კიევში სააკაშვილი და უკრაინის ჰიმნი ირთვება და უცბად გულზე ხელი დაიდო და დაიწყო სიმღერა. არ მჯერა მე ასეთი რაღაცების. ეს არის ტყუილი. არ შეიძლება ორი ქვეყნის პატრიოტი იყო. მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომელთანაც სწავლის გარდა არაფერი გაკავშირებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მეორედ ძალიან დიდი შეურაცხყოფა სააკაშვილმა საქართველოს მაშინ მიაყენა, როდესაც ქვეყანაში მალულად შემოიპარა.

„როდესაც ჩაჯდები კონტეინერში და შემოიპარები და ასე შემოხვალ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი ორჯერ იყავი, ასევე შეურაცხყოფას აყენებ საკუთარ ქვეყანას. და როგორ წარმოაჩინა მან საქართველო უცხოელების თვალში? რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც შეიძლება ასე შეიპარო“, - აღნიშნა ელისაშვილმა.