იკვეთება თუ არა 7 ნოემბრის საქმეში რუსული კვალი და აქვს თუ არა დაცვის მხარეს ამის დამადასტურებელი ფაქტი? ამის შესახებ „იმედის კვირამ“ კითხვა საქმის პროკურორს, ჯარჯი წიკლაურს დაუსვა.
„მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილ პატარკაციშვილს დააბრალა რუსეთთან კავშირი. აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცრუ განცხადებაა, რამეთუ საქმის არავითარი გარემოება და მტკიცებულება ამაზე ირიბადაც არ მიანიშნებს. ეჭვიც კი არ არსებობს, რომ ის მასშტაბური საპროტესტო აქციები ქართული საზოგადოების მხრიდან, რაიმე ფორმით იმართებოდა და ორგანიზებული იყო კრემლიდან, მოსკოვიდან და ა.შ. ეს ყველაფერი არის, მე ვიტყოდი, უკვე გაცვეთილი და ბევრჯერ გამეორებული თავის მართლების უსუსური მცდელობა“, - ამბობს წიკლაური.
მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის რუსეთთან კავშირზე სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. თანხიდან მსხვილ ნაწილს იკავებს კოსმეტიკური ხარჯები და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.