არცერთი ცნობა არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას და ამ ფორმით თანხის გახარჯვა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ეს დანახარჯი არ დაქვემდებარებოდა საზოგადოებრივ კონტროლს

არცერთი ცნობა არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას და ამ ფორმით თანხის გახარჯვა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ეს დანახარჯი არ დაქვემდებარებოდა საზოგადოებრივ კონტროლს

პროკურორის თქმით, 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე თანხების საიდუმლოდ დახარჯვის მიზანი საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის დამალვა იყო. ამ თემაზე გიორგი მუჯირმა „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

„კორუფციული დანაშაულის, კორუფციული სქემის შემადგენელი ნაწილი იყო ის, რომ ეს დანახარჯები უნდა გადახდილიყო გრიფით „საიდუმლო“. რეალურად, ამ დანახარჯს, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონთა არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა. არცერთი ცნობა არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას და ამ ფორმით თანხის გახარჯვა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ყოფილიყო დამალული, რომ ეს დანახარჯი არ დაქვემდებარებოდა საზოგადოებრივ კონტროლს“, - ამბობს პროკურორი.

9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. თანხიდან მსხვილ ნაწილს იკავებს კოსმეტიკური ხარჯები და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.