მენიშნა, რომ დაიწყო ჯაჭვის შეკვრა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს სააკაშვილის ყოფნა გორის ჰოსპიტალში, როგორც ჩანს მისთვის გორის ჰოსპიტალში ყოფნა უფრო კომფორტულია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამბობდნენ, რომ კედელ-კედელ დადის და გადაადგილება უჭირსო, შემდეგ რაც სასამართლოზე ვიხილეთ იგივე მდგომარეობა არ არის. იმის გამო, რომ ნოემბრის დასაწყისში სააკაშვილს ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა ჰქონდა, ამის გამო 6 წელი გორის ჰოსპიტალში უნდა მოიხადოს?! ობიექტურად, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს, დიახ ის უნდა დარჩეს გორის ჰოსპიტალში, მაგრამ რაც წამს ის ობიექტური საჭიროება აღარ იქნება და შესაძლებელი გახდება გარკვეული თერაპიული კურსი ან მკურნალობა გაიაროს არა გორის ჰოსპიტალში, არამედ რუსთავში ან გლდანის დაწესებულებაში, ბუნებრივია ეს გამოიწვევს მისი მდებარეობის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს ლოგიკურია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.
საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა. მან შიმშილობა შეწყვიტა.