გურამ მაჭარაშვილი: ყველამ ნახა, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, რუსთავის ციხეში გადაყვანაზე ექიმთა დასკვნების საფუძველზე გადაწყვეტილებას მიიღებს პენიტენციური სამსახური

გურამ მაჭარაშვილი: ყველამ ნახა, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, რუსთავის ციხეში გადაყვანაზე ექიმთა დასკვნების საფუძველზე გადაწყვეტილებას მიიღებს პენიტენციური სამსახური

მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ პატიმარ სააკაშვილზე მსჯელობა საერთოდ არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ და მის ტელეკომპანიებს სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყოს დღის წესრიგში, სწორედ ამიტომ, როდესაც ამ საკითხის მინელება ხდება, აუცილებლად რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„არ მგონია, კიდევ აინტერესებდეს საზოგადოებას, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს საპატიმროში და გადაიყვანენ თუ არა უახლოეს დღეებში. ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, მიიღებს ექიმთა დასკვნების საფუძველზე პენიტენციური სამსახური. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნუ შეწუხდება და არანაირ ინფორმაციას ნუღარ გაავრცელებს, რადგან აბსოლუტურად დინამიკურად მიმდინარეობს ეს საკითხი. მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობა პატიმარ სააკაშვილზე საერთოდ არ არის. მსჯელობა შეიძლება იყოს პენიტენციურ სამსახურში და ჯანდაცვის სისტემაში, რომელთა ვალდებულებაა, იზრუნონ პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე და სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანონ რუსთავის ციხეში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.